სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული წლების განმავლობაში ინტერნეტსივრცეში, მათ შორის, სოციალურ ქსელ „Facebook“-ის სხვადასხვა ჯგუფებში, განცხადებებს ანთავსებდა, სადაც მოტყუებით უთითებდა, რომ ფოტოგრაფი იყო და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის ფოტოსესიაზე გოგოებს სპეციალურად შერჩეულ ბინებში იწვევდა. გარდა ამისა, იგი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალბატონებს ძიძის/მომვლელისა და მასაჟისტის ვაკანსიაზეც იბარებდა ბინაში, დაინტერესებულ პირებს ეცნობოდა გამოგონილი ვინაობით, მათ შორის – ნუკრი ჯიოშვილისა და ივანე ჯაიანის სახელით, რის შემდეგაც შედიოდა მათთან კომუნიკაციაში და ცდილობდა ნდობის მოპოვებას.
ბრალდებული მამაკაცი, ბინაში მოტყუებით მიყვანილ დაზარალებულებთან ე.წ საცდელ ფოტოსესიას აწყობდა, რა გზითაც მოტყუებით მოიპოვებდა დაზარალებულების ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო ფაილს. ბრალდებული, ასევე, დაზარალებულებს სასმელში გაურკვეველ ნივთიერებას უყრიდა და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, რა დროსაც იგი ფარულად, უკანონოდ ახდენდა დაზარალებულებთან სქესობრივი კავშირის ვიდეოგადაღებას და დაარქივებას. შემდეგ მასალის გავრცელებით ემუქრებოდა. ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 200-მდე ქალის 5 000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. დანაშაული შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.