შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. პოლიციის მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ისრაელის და რუსეთის 2 მოქალაქე. სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. ასევე, შსს-ს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული პირის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცხრა შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.