შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათ შორის რვა ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიოვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ხუთი მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.