დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ვისაც ბრალი – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში ედება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ავტომობილისა და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 91 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და ფული.