დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულნი. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა რამდენჯერმე განახორციელა. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.