დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, სამი პირი დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებმა აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისში ბრალდებულების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: მეთადონი, „მეფედრონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 182 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.