დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
ბათუმში 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკია ამოღებული. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ბათუმში ხუთი პირი დააკავეს. მათ შორი ერთი საქართველოს, ოთხი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 100 გრამი და 127 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი“, ერთ კილოგრამზე მეტი „მარიხუანა“, ნახევარ კილოგრამამდე „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და რვა კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დგინდება, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბათუმში მდებარე ნაქირავებ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფის“ უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.