შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, ,,ბუპრენორფინი“ და სხვა. დაკავებულებს პროკურატურაში ბრალი უკვე წარედგინათ. დაკავებულების ნაწილზე უკვე იმსჯელეს აღკვეთის ღონისძიებაზეც. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.