დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

პოლიციამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების, უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავა, მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევია. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ნარკოტიკული საშუალებები – „ალფა-პვპ“, „მეთადონი”, „გამომშრალი მარიხუანა” და ფსიქოტროპული ნივთიერება ,,კეტამინი”. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთ დაკავებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა დაკავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.