დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული – 35 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ალფა პვპ”. ამავე მუხლით ასევე დაკავებულია კიდევ ხუთი პირი. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „მდმ“, „კლეფედრონი“,„მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, და სხვა. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის – უკრაინის მოქალაქის მხილების მიზნით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მისთვის გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რითიც დადასტურდა, რომ ბრალდებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების „კრატომის“ უკანონო შეძენა – შენახვას ცდილობდა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა უკრაინის კიდევ ერთმა მოქალაქემ კი, საპოლიციო ღონისძიებისას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.