შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული პირი დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 22 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.