დაკავება კორუფციულ დანაშაულზე

სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ჩატეხილი ხიდის საქმეზე, ხუთი პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი. მასთან ერთად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია კიდევ ოთხი პირის მიმართ, რომლებიც მიმალვაში იმყოფებიან. გამოძიება დაკავებულებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებას და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ედავება. შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე აშენებული 800-მეტრიანი სახიდე გადასასვლელი, მშენებლობის დასრულებიდან მალევე ჩაინგრა. დემონტაჟის და დამატებითი აღდგენითი სამუშაოების შედეგად, სახელმწიფომ ამ პროექტით 16 მილიონის ზარალი ნახა. გამოძიების მიხედვით, თაღლითურად თითქმის ოთხი მილიონი ლარი მიითვისეს.