დაკავება კორუფციის ბრალდებით
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს. კიდევ ერთი პირი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კუთვნილ სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 600 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.