შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამართალდამცველების მიერ უკვე დაკავებულია მანანა გიორგობიანი. ფაქტთან დაკავშირებით დანაშაულის ჩამდენი კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განმარტებით, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის თანამშრომლებს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთან, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის მიერ, სავარაუდოდ, უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მათ შორის: ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა.