დაკავება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი, გელა ხასაია დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხასაია კიდევ ერთ პირთან ერთად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ პირს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ხასაიას ადვოკატს, მისი განცხადებით, დაკავებული არ აღიარებს დანაშაულს. ირაკლი ჩომახაშვილის განმარტებით, გელა ხასაია ვერ იხსენებს პირველ სექტემბერს რაიმე დაპირისპირებას.