დაკავება იტალიაში – ვინ აფინანსებდა „ჰამასს“
იტალიაში დაჯგუფება „ჰამასის“ დაფინანსებაში ეჭვმიტანილი ცხრა პირი დააკავეს. პოლიციის მონაცემებით, კიდევ ორი საზღვარგარეთ იმყოფება და მათი დაკავების ორდერია გამოცემული. ყველა ეჭვმიტანილს ბრალი ედება „იმ ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერაში, რომლებიც ბაზირებულია ღაზის სექტორში, პალესტინის ტერიტორიებზე ან ისრაელში და რომლებიც „ჰამასს“ ეკუთვნის, მის მიერ კონტროლდება ან ამ დაჯგუფებასთანაა დაკავშირებული“. საერთო ჯამში, საუბარია დაახლოებით შვიდი მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაზე. პოლიციის ცნობით, საქმეში ფიგურირებს სამი გაერთიანება, რომლებიც ოფიციალურად პალესტინელებს ეხმარებოდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, ფარულად აფინანსებდნენ „ჰამასს“. დაკავებულთა შორის არის იტალიის პალესტინელთა ასოციაციის პრეზიდენტიც.