დაკავება ძალადობის ფაქტზე

ძაღლზე ძალადობის ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში დაკავებულ პირს ბრალს, სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. საქმე ეხება  ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველ ვიდეოკადრებს, რომელიც სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. დაკითხვის პარალელურად, გვიან ღამემდე ხმაური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის მარნეულის რაიონულ სამმართველოში, სადაც შეკრებილი მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები დამნაშავის კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას მოითხოვდნენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მარნეულის სამმართველოს უფროსმა განაცხადა, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გიორგი ნავროზაშვილის ინფორმაციით, გუშინ გავრცელებული ვიდეო დეკემბრის თვეშია გადაღებული.

ვიდეომასალას, რომელიც ძალადობის ამსახველ კადრებს შეიცავს, ჩვენ საგანგებოდ არ ვუშვებთ ეთერში.