დაკავება ბათუმის კლუბებში ჩადენილი გამოძალვის და იძულების ბრალდებით

ბათუმის კლუბებში ჩადენილი გამოძალვის და იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავა, სამი კი პასუხისგებაში მისცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმის კლუბებში მოქალაქეებისთვის გაწეულ მომსახურებასთან და პროდუქტის ღირებულებასთან შეუსაბამოდ მაღალი თანხის გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობდა.

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ორი პირი აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, მათ ერთ-ერთ კლუბში ძალადობის მუქარით, თურქეთის მოქალაქეებს არარსებული მენიუს საფასურის, 730 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ერთ-ერთ მოქალაქეს კი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაც მიაყენეს. ამავე გამოძიების ფარგლებში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თურქეთის ორი და  უზბეკეთის ერთი მოქალაქე.