დაკავება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში. ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დაკავებულებმა არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს, ასევე, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირს ბრალდება უკვე წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.