დაკავება 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტზე

ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და იუწყება, რომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ ერთი პირი დააკავა. 24 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნისა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე აიყვანეს. ის წარსულში ნასამართლევია.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.