იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის სამართალდამცველებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საკრებულოს წევრი დააჯარიმეს. მას 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, რის გამოც მასზე თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა, თუმცა, ინფიცირებულმა მამაკაცმა დადგენილი წესები დაარღვია, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
სამართალდამცველებმა ის 2000 ლარით დააჯარიმეს. „ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის საკრებულოს დეპუტატმა მამუკა ბიბილეიშვილმა დღეს განაცხადა, რომ 14-დღიან იზოლაციასთან დაკავშირებით, ინფორმირებული არ იყო და ქუთაისში მეუღლე კლინიკაში შესამოწმებლად გადაჰყავდა. მისივე თქმით, დაჯარიმება მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. შეგახსენებთ, დაჯარიმების დღეს მას ინფიცირებიდან მეცხრე დღე ჰქონდა.