დაღუპული ბექა რუსიას ოჯახში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი იმყოფება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი არკადი კვანჭიანი იმყოფება.

გამომძიებელი ოჯახის წევრებს ადვოკატის თანდასწრებით კითხავს. ადვოკატ როლანდ შონიას ინფორმაციით, კითხვები შეეხება იმ ახალ გარემოებებს, რაც საქმესთან მიმართებაში გამოიკვეთა. მისივე თქმით, გამოძიებას კითხვები აქვს ოჯახის მიერ გასაჯაროებულ ფოტო და ვიდეოკადრებთან დაკავშირებით. როგორც ადვოკატი ამბობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს იყო არა გაუფრთხილებლობით მომხდარი უბედური შემთხვევა, არამედ განზრახ მკვლელობა.

გამომძიებელთან შეხვედრაზე დაზარალებულმა თავისი მოთხოვნები ჩამოაყალიბა: ოჯახი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს მაღალჩინოსნების დასჯას და შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ]

ბექა რუსიას საქმეზე პროკურატურა გამოძიებისთვის იმ ფოტო და ვიდეომასალის გადაცემას ითხოვს, რომელიც უწყების ცნობით, რუსიას ოჯახს აქვს.

ამ მასალის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო და განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აღიძრა.