დაძაბულობა სომხეთსა და რუსეთს შორის

სომხეთის ევროკავშირთან დაახლოების პროცესი რუსეთისთვის მორიგი გამოწვევა ხდება. ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. დასავლეთთან ინტეგრაციის საჯაროდ დეკლარირებული სურვილების და კავშირების გააქტიურების ფონზე, მოსკოვიდან ერევანი მუქარისშემცველ გზავნილებს იღებს – რუსეთიდან დღეს სომხეთის ხელისუფლებას უთხრეს, რომ „ორ სკამზე ჯდომის მცდელობას არ დაუშვებენ“. კრემლი ერევანს ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის დროულად გაკეთებისკენ მოუწოდებს და მოსალოდნელ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სირთულეებზე აფრთხილებს. ენერგორესურსების და სურსათის ფასების ზრდაზე გაფრთხილებასა და მუქარისშემცველ განცხადებებს კონკრეტული სადამსჯელო ნაბიჯებიც მოჰყვა – რუსეთმა სომხეთიდან სასურსათო პროდუქციის ნაწილის შეტანა უკვე აკრძალა. იმპორტზე ნაწილობრივ შეზღუდვებს ბრიუსელის შემხვედრი ნაბიჯი მოჰყვა. ევროკომისია ერევანს სოლიდურ ფინანსურ დახმარებას, სომხეთის დაზარალებულ სექტორებს კი მხარდამჭერ მექანიზმებს ჰპირდება. ევროკავშირთან ერთად, კომუნიკაცია გააქტიურებულია აშშ-სთანაც – ერევანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს, ტრამპის გზაზე და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე პარაფირებული შეთანხმება დღეს ოფიციალურად გაფორმდა.