დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ უკვე ორი დღეა, სიუნიქის ოლქში, ფეთქებადსაშიში სიტუაცია იქმნება. მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიაზე ამ დრომდე იმყოფება 250-მდე აზერბაიჯანელი სამხედრო, რასაც ფაშინიანი პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. მანამდე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა „საზღვრის კორექტირების“ მიზნით, სიუნიქის ოლქის საზღვრისპირა რაიონში „გარკვეული სამუშაოები“ ჩაატარეს. არსებული ვითარების შესახებ, ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს  ესაუბრა, რის შემდეგაც მაკრონმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ უნდა გავიდნენ. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საზღვრის დაცვის სისტემების გაძლიერების ზომები ხორციელდება, მხარეების ხელთ არსებული რუკების საფუძველზე. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 12 მაისიდან, საზღვრის ამ მონაკვეთზე გაგზავნლია აზერბაიჯანის სახელმწიფო-სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობა, მიმდინარეობს მოწინააღმდეგე მხარის მესაზღვრეებთან მოლაპარაკებები. „გაკვირვებას იწვევს, რომ სომხურმა მხარემ ამ პროცესზე არაადეკვატური რეაგირება იქონია და პროვოკაციული განცხადება გააკეთა“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.