დაძაბული პოლიტიკური ვითარება აშშ-ში

აშშ-ში პოლიტიკური ვნებათაღელვა მძაფრდება. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დონალდ ტრამპს ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. თუმცა, დემოკრატიული პარტია დარჩენილ დროში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ვადაზე ადრე ითხოვს. ტრამპის ოპონენტები ფიქრობენ, რომ კონგრესში შეჭრა სწორედ მოქმედმა პრეზიდენტმა წაახალისა, რის გამოც უნდა გადადგეს.

კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო „თეთრი სახლის“ ჯერ ისევ მოქმედ ლიდერს აკრიტიკებენ მმართველ გუნდშიც. ორმა მინისტრმა კი პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ცოტა ხნის წინ მოქმედმა პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ 20 იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციაზე არ წავა. ჯონ ადამსის, ენდრიუ ჯონსონის და რიჩარდ ნიქსონის შემდეგ, ტრამპი იქნება მეოთხე პრეზიდენტი, რომელიც შემცვლელის ფიცის დადების ცერემონიას არ დაესწრება.