დადიანების სასახლის ეზოდან სკულპტურა მოიპარეს

ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა „კოლხი ქალი“ მოიპარეს.

მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს დილით შემოვლის დროს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ქანდაკება ადგილზე აღარ იდგა და ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა დაასრულა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დადიანების მუზეუმის ეზოში სკულპტურა 2018 წლის თებერვალში დადგეს. ის ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VII-VIII საუკუნეებით თარიღდება. შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.