„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიში

18:43, 16.12.2025

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ. როგორც პაატა პატიაშვილმა ღონისძიებაზე აღნიშნა, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა, სახელმწიფოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რისთვისაც სამინისტრომ 2024-25 წლებში 12 მილიონი ლარი გამოყო. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” კომპანია „სილქნეტის“ პატრონაჟით, 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ფონდი თავდაცვის უწყებასთან ერთად დაჭრილ მებრძოლებს სამედიცინო მომსახურებით, კვლევებით, რეპროტეზირებით, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსებით უზრუნველყოფს. ღონისძიებაზე გაფორმდა მემორანდუმი ფონდსა და SABADO Leadership Academy-ს შორის, რომლის თანახმად „საბადოში“ გამართული საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელმისაწვდომი იქნება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარების არასრულწლოვანი შვილებისთვის.

მსგავსი