დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა პარა-ფრენბურთში იასპარეზეს
წეროვანის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ამჯერად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა პარა-ფრენბურთში იასპარეზეს. ტურნირში პირველობისთვის ექვსი გუნდი იბრძოდა. გამარჯვებული გუნდის წევრები, მედლებითა და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა კვირეულის ფარგლებში 10 ინდივიდუალურ და ორ გუნდურ სპორტულ შეჯიბრებაში იასპარეზეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 30 ივნისს აღნიშნავს.