დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

12:21, 22.08.2026

ზაფხულის პერიოდში მზით დამწვრობის შემთხვევების მატების გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს. ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი ზემოქმედება ჯანმრთელობისთვის არაერთ რისკს უკავშირდება. ხშირი გარუჯვა ზრდის კანის ნაადრევი დაბერების, პიგმენტური ლაქებისა და კანის კიბოს განვითარების რისკს. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, შესაძლოა, მხედველობის სერიოზული დარღვევებიც გამოიწვიოს, მათ შორის კატარაქტა, რაც სიბრმავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. კანის დამწვრობას, შესაძლოა, თან ახლდეს კანის სიწითლე და ტკივილი, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტები, სხეულის ტემპერატურის მატება, ზოგადი სისუსტე და გულისრევა. ცენტრის რეკომენდაციით, მზით დამწვრობის შემთხვევაში არ უნდა შეეხოთ ან გახეთქოთ წარმოქმნილი ბუშტები და უნდა მოერიდოთ მზეზე განმეორებით გასვლას. სამედიცინო დახმარება აუცილებელია, თუ დამწვრობა მიიღო ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა. პრევენციისთვის ცენტრი მოსახლეობას ურჩევს, შეზღუდოს მზეზე ყოფნა, განსაკუთრებით მზის პიკური აქტივობის პერიოდში – შუადღემდე ორი საათით ადრე და ორი საათის შემდეგ. მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება – რეკომენდებულია SPF 30 ან მეტი დაცვის ფაქტორის მქონე კრემის წასმა მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე და მისი განახლება ყოველ ორ საათში ერთხელ.

მსგავსი