დაავადებათა ცენტრის გაფრთხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მშობლებს, გადაამოწმონ ბავშვების აცრების კალენდარი და იმ შემთხვევაში, თუ მათ გამორჩათ რომელიმე აცრა, ჩაუტარონ ბავშვებს ვაქცინაცია.

პაატა იმნაძემ განსაკუთრებულად წითელას კომპონენტიანი აცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, წითელა ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ყველაზე ხშირად დაავადება 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში იჩენს თავს. ხოლო დაავადებულთაგან არცერთს არ აქვს ჩატარებული ვაქცინაცია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა ზუსტად არ იცის, აქვს თუ არა გაკეთებული აცრა, შეუძლია ჩაიტაროს განმეორებითი ვაქცინაცია და ეს სრულიად უსაფრთხოა.

პაატა იმნაძემ სეზონურ ვირუსებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, სახელმწიფო პროგრამით წელს ასი ათასი ადამიანი აიცრება. ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება.