დაანონსებული პროტესტი და ოპოზიციის გეგმები  

საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადასულმა ოპოზიციამ კონსულტაციების მეორე რაუნდი დაასრულა.

ისევ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილი საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების ლიდერები სამოქმედო გეგმას ათანხმებდნენ. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტებს რამდენიმე ვარიანტი აქვთ მომზადებული და ახლა ერთ კონკრეტულ სტრატეგიაზე ჩამოყალიბებას ცდილობენ. განიხილება რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახეცვლილი ვარიანტის ხელახლა წარდგენა ან არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება. საბოლოოდ ოპოზიცია, სავარუდოდ, ე.წ. გერმანულ მოდელის მოთხოვნაზე ჩამოყალიბდება, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამ მოდელით არჩევნები ე.წ. ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს.

კონსულტაციების ფონზე გრძელდება აქციებიც. დილიდან ხმაური იყო რეგიონებში „ქართული ოცნების“ იმ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან, რომლებმაც გუშინდელი კენჭისყრის დროს პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის ინიციატივა ჩააგდეს.