დაანონსებული „მშვიდობიანი დამხობა“ – ხაბეიშვილი-ბურჭულაძის გეგმა
ერთიანი სამოქმედო სტრატეგიის გარშემო ვერ თანხმდება ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრის, ლევან ხაბეიშვილის გეგმა ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობაა, რის შესახებ გამოსვლები 4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტიურდება. ბრძოლის იგივე გზა აქვს არჩეული პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც ხუთი თვის წინ „წინააღმდეგობის პლატფორმა“ და მისი ლიდერი პასიურობის გამო საჯაროდ გააკრიტიკა და ალტერნატიული ოპოზიციური ფორმატი შექმნა. პოლიტიკაში დაბრუნებული მსოფლიო ბანი 4 ოქტომბერს ეროვნულ კრებას აანონსებს. თუმცა, ხაბეიშვილ-ბურჭულაძის გეგმისგან დისტანცირებულები არიან ოპოზიციური რვიანის წევრები. არჩევნების ბოიკოტში მყოფი დანარჩენი ოპოზიცია 13 სექტემბერს დაგეგმილი აქციისთვის ემზადება. შესაბამისად, საბრძოლო ტაქტიკის გარშემო გაყოფილი პოზიციებისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო, არჩევნების დღეს დაგეგმილ შეკრებაში ოპოზიციის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.