დაანონსებული და ვერშემდგარი დამხობის ქრონიკა

21:05, 06.10.2025

წინასწარ დაანონსებული გეგმა ჩავარდა. მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე, რომელიც თვეების განმავლობაში 4 ოქტომბრისთვის სახალხო კრების გამართვას და ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. პოლიტიკაში დაბრუნებული მსოფლიო ბანის გეგმას ყველაზე დიდი მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან ჰქონდა, რომლებიც აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არც უარყოფენ, თუმცა, შაბათს ჯერ თავისუფლების მოედანზე გაჟღერებული მოწოდებების და მოგვიანებით, პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრის შემდეგ, გაჩნდა შეკითხვა: რა გეგმით მოქმედებდნენ ორგანიზატორები და შეთანხმებული იყო თუ არა აქციის მონაწილეებთან: კოორდინაციის ნაკლებობას არც პოლიტიკური აქტორები უარყოფენ. „მშვიდობიანი დამხობის“ გეგმის მხარდამჭერი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა ნაწილი ახლა 4 ოქტომბრის გეგმისგან გამიჯვნას და პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს, ამავე პარტიის ლიდერთა მეორე ნაწილს კი განმარტებების გაკეთება უწევს კითხვაზე – მიატოვეს თუ არა თანაგუნდელები დაკავების მომენტში.

ცრუ მოლოდინები და მორიგი იმედგაცრუება – ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შაბათის გეგმის მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი, ორგანიზატორებს მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

მსგავსი