ცვლილებების პროექტით, დიპლომატიურ სამსახურს ახალი ნორმები ემატება

12:11, 06.05.2025

დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ახალი ნორმები ემატება, რომელთა დაცვაც დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროზე გუშინ დარეგისტრირდა. მთავრობის მიერ მომზადებული პროექტით, სიახლეა ისიც, რომ დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირები და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად, დაექვემდებარებიან წელიწადში არანაკლებ ორჯერ შეფასებას, ნაცვლად კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული წელიწადში ერთხელ შეფასებისა. კანონმდებლობას დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ნორმა ემატა, რომლის მიხედვით, მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების და იმიჯის შელახვა ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს, პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველი იქნება. ამასთან, ცვლილებებით, პირები, რომლებიც გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევის საფუძველზე იქნებიან გამოწვეული, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩასარიცხ პირთა წრეს დაემატებიან.

მსგავსი