ოპოზიციის და მესამე სექტორის მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ორი საკანონმდებლო პაკეტი.
ცვლილებები, რომელიც მმართველი გუნდის განცხადებით ჟურნალისტური ეთიკის და ობიექტურობის სტანდარტების დადგენას ითვალისწინებს, მედიებზე დამატებითი კონტროლის განხორციელების მცდელობაა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ აცხადებენ, რომ ბრიტანული მაგალითი, დღევანდელ ქართულ რეალობაში ვერ იმუშავებს და მხოლოდ ცენზურის მიზნით იქნება გამოყენებული. რადიკალურად განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია, სადაც დაანონსებულ ცვლილებებს საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ახალი კანონი სიცრუის ტირაჟირებას მაქსიმალურად შეზღუდავს. საკანონმდებლო პაკეტების განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს. ცვლილებებით თვითრეგულირების ნაცვლად მედია სახელმწიფო რეგულირების ქვეშ ექცევა. სადავო საკითხებს კი კომუნიკაციების კომისიასთან ერთად სასამართლოც განიხილავს. ასევე მედიას სრულად აეკრძალება დაფინანსების მიღება უცხოეთიდან.