ცვლილებები სოფლის მეურნეობის პროგრამებში

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის.

მაგალითად, 2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით. ამასთან, იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად 5-ისა, იქნება 10 მლნ ლარი. ცვლილებების თანახმად, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისთვის გაცემულ სესხებზე. კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში. პროგრამას ასევე ემატება ქვეკომპონენტი ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების ხელშეწყობისთვის, რაც გულისხმობს ჩაის შესაძენად საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტის გაცემას. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა – 12 თვით.