„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები შედის და იმ ბრალდებულებს შეეხება, რომლებიც დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდნენ, პროცესუუნარო გახდნენ და მკურნალობას საჭიროებენ. ცვლილებების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონით, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხადი გახდა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს და განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გრძელდება. აღნიშნული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და დასკვნაში აღნიშნა, რომ ბრალდებულის მიერ საპროცესო უფლებებით სათანადოდ სარგებლობისათვის აუცილებელია, რომ იგი, სულ მცირე, ადეკვატურად აღიქვამდეს ბრალდების არსს. მომზადებული ცვლილებებით, კანონმდებლობაში ახალი ტერმინი – „პროცესუუნარო“ შემოდის.