ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში

12:20, 11.12.2025

პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები, საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება. კანონმდებლობა მკაცრდება – დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილზე იმართება. ცვლილებებით, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციითა და საგნით გადაკეტვაც.

იმ შემთხვევაში, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე არ დაემორჩილება სამართალდამცავი უწყების მითითებას, დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორს კი 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, მონაწილეს ან ორგანიზატორს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მიზანი შეკრების თავისუფლებასა და მართლწესრიგს შორის ბალანსის დაცვაა. ცვლილებებს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. 

მსგავსი