ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში

შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება – შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უმრავლესობამ მოამზადა, დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. მმართველი გუნდის განმარტებით, არსებულ კანონმდებლობაში დაზუსტებების შეტანა აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, პანდემიასთან ბრძოლის მართვის ეფექტიანად გაგრძელების მიზნით.

კანონპროექტის შესაბამისად, მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი, საკარანტინო სივრცეების მართვა, საჭიროების შემთხვევაში კლინიკებისა და ლაბორატორიების მობილიზება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირება, პრევენციული ღონისძიებებისთვის აუცილებელი ვალდებულებების შემოღება. ცვლილებების პაკეტი უმრავლესობამ მოამზადა. ინიციატივა არ მოსწონს და შენიშვნები აქვს ოპოზიციას.