ცვლილებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში

15:01, 14.10.2025

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“კანონში ცვლილებები შედის. კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ – ამის შესახებ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტშია აღნიშნული. უფრო დეტალურად კი – ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ასეთი პირები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ასევე, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები. აღნიშნული პირები არა თუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც. მათ აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდა პარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, ასევე დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა. უფრო მეტიც, პარტიები ასეთი პირებისგან ვერ მიიღებენ შემოწირულებებს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. პარალელურად, მმართველ გუნდში აცხადებენ იმასაც, რომ თითქმის დასრულებულია იმ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვას გულისხმობს. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.

მსგავსი