ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში

მწვავე კრიტიკის მიზეზი ხდება „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით განხილული და სამი მოსმენით მიღებული ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში. მაშინ, როდესაც განხორციელებულ ცვლილებებს მმართველი გუნდი საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას უკავშირებს, გადაწყვეტილებას რეპრესიების ახალი ტალღად და საჯარო მოხელეებზე ზეწოლად აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ოპოზიცია, მიღებულ ცვლილებებს კი კონსტიტუციასთან და ადამიანის საყოველთაო უფლებებთან შეუსაბამოს უწოდებენ. მძიმე შეფასებები მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეებისთვის ქართული ენის ცოდნის ვალდებულების გაუქმების თაობაზეც. თუმცა მმართველ პარტიაში ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ და როგორც ოპონენტებს, ისე მესამე სექტორს კანონის კარგად წაკითხვას ურჩევენ.

კანონში განხორციელებულ ცვლილებები ხელმოსაწერად ახლა პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს.