ცვლილებები საგამოცდო პროგრამაში - სამინისტროს განმარტება

თემა, რომელიც ბოლო ორი დღეა, საზოგადებაში ვნებათაღელვის საგანია. განათლების მინისტრობის კანდიდატს დღეს განმარტებების გაკეთებაც დასჭირდა. მიზეზი საგამოცდო პროგრამაში შესული ცვლილებაა, რის გამოც უწყება მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა. ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის გარდა, სამინისტრო პრეზიდენტმაც მწვავედ გააკრიტიკა.

ცნობილი მწერლების რამდენიმე ნაწარმოები ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან ამოიღეს. საუბარია არასავალდებულო სასწავლო მასალაზე, რომელიც სასკოლო პროგრამაში რჩება, თუმცა ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მათი ჩაბარება აღარ მოუწევთ. „განდეგილი“, „აჩრდილი“, „ბედნიერი ერი“, „ხევისბერი გოჩა“, „ბახტრიონი“ – ეს საგამოცდო მასალებიდან ამოღებული ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია. რაც შეეხება ისტორიის საგნიდან 1 800-იანი წლების ცნობილი აჯანყებების ამოღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სამინისტრო ამტკიცებს, რომ მითითებული მასალები როგორც სასკოლო, ასევე საგამოცდო პროგრამაში უცვლელად რჩება.

გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა თემაზე.