ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ინიციატივის მიხედვით, კომპანიები 2020 წლის 1-ლი მაისიდან, ექვსი თვის განმავლობაში, გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან. განხილვამ კამათის ფონზე ჩაიარა. საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ინიციატივა არა მოსახლეობის, არამედ ხელისუფლების ინტერესებზეა მორგებული.

საშეღავათო პერიოდის ვადები კი სპეციალურად ემთხვევა საპარლამენტო არჩევნებს. დეპუტატების განცხადებით, ოპოზიციას გაცილებით ეფექტიანი გეგმა აქვს, რომელსაც უმრავლესობა არ ითვალისწინებს. კრიტიკას არ ეთანხმებიან „ქართულ ოცნებაში“, უმრავლესობის წევრების შეფასებით, წარდგენილი გეგმის მიზანი სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა და ხელისუფლებამ საუკეთესო სცენარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებით შეარჩია.