რეზონანსი გამოიწვია მმართველი გუნდის კიდევ ერთმა საკანონმდებლო ინიციატივამ. სათამაშო ბიზნესი და თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან. ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე მიიღეს და შესაბამისად, ონლაინ აზარტული თამაშების ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს მოგების გადასახადი 5%-ით ეზრდებათ, თამბაქოს აქციზის გადასახადი კი ერთ კოლოფ სიგარეტზე 20 თეთრით მოიმატებს. კანონ-პროექტის ადრესატები უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ცვლილებები მათთან კონსულტაციის გარეშე მოამზადა. თამბაქოს და სათამაშოს ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ და დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობა ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზებას ცდილობს.