„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით მსჯელობენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. ინიციატივა კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად მოწესრიგებას გულისხმობს. ოპოზიციის ნაწილი წარმოდგენილ ინიციატივას მხარს არ უჭერს და ცვლილებებს ფასადურს უწოდებს.
მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ დოკუმენტში ვენეციის კომისიის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ასახულია. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ორი დღის წინ კიდევ ერთი შეხვედრა გამართა, სადაც რამდენიმე საკითხზე იმსჯელა, მათ შორის მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინებაზე, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების ორჯერ არჩევის აკრძალვის გაუქმებაზე. იმსჯელეს, თუ რა რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს თავმჯდომარეები და ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე პირები.