ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და პოლიტიკური უთანხმოება პარლამენტში 

საარჩევნო კოდექსში შესატანმა ცვლილებებმა პოლიტიკური უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა.

გადამწყვეტი კენჭისყრის წინ, კანონპროექტის მეორე მოსმენა და დებატები პირველზე უფრო ხმაურიანი აღმოჩნდა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ორი ოპოზიციური ფრაქცია დარბაზში არც დღეს შევიდა. აზრები გაიყო დანარჩენ ოპოზიციაშიც. ეუთო-ოდირის რეკომენდაციებზე დამყარებული ცვლილებები ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილისთვის ფასადურია და გარკვეულ რისკებს ტოვებს. ეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების გზავნილი ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მაღალი საპარლამენტო მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო.

კანონმდებლები ვერ თანხმდებოდნენ გენდერული კვოტირების ნაწილზეც. დეპუტატების ნაწილი ფიქრობდა, რომ სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენლის ჩასმა სავალდებულო არ უნდა ყოფილიყო. სარჩევნო კოდექსში ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად, პარტიების დაფინანსების წესს და სარეკლამო დროის განაწილებას ეხება. შესწორებები იმ რეკომენდაციების ნაწილია,  რომლებიც საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღო.

დატოვე კომენტარი