ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

არანაკლებ რეზონანსულია საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებაც. არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობის საკითხი ეჭვქვეშ დგება. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კიდევ ერთი ინიციატივა საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას გულისხმობს იმ პარტიისთვის, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართული პირი, კონსტიტუციით დადგენილი ოთხი ცენზიდან რომელიმეს არ აკმაყოფილებს.

მმართველი პარტიიდან პირდაპირი მინიშნებები კეთდება მიხეილ სააკაშვილზე, როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე და ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილ პირზე, რომელიც ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, ყველა არჩევნებზე საარჩევნო აგიტაციებში აქტიურად არის ჩართული. თუ მანამდე კოდექსი საკონსტიტუციო შეუსაბამობისთვის 2 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა, ახლა ეს ქმედება პარტიას, შესაძლოა, საერთოდ გაუქმების არა, თუმცა, საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის ფასად დაუჯდეს. ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მომზადებულ კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივას საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა.