ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

12:03, 06.11.2026

პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა იწყება. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებულ დოკუმენტს განიხილავენ იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტებზე. პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გასასაჩივრებლად შესაძლოა კონკრეტული პირობები და მოთხოვნები დაუწესდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნების გასაჩივრების წესებს ეხება. კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ცესკო-ს შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემები.

კენჭისყრის შედეგების შეჯამების ვადა 26-იდან 15 დღემდე მცირდება, ახალარჩეული მერისა და საკრებულოს უფლებამოსილება კი მეცხრე დღეს დაიწყება. ადგილობრივი არჩევნების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს.

საკანონმდებლო ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ საპარლამენტო ოპოზიციაში. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო პაკეტი, მმართველი პარტიის ინტერესებზეა მორგებული და საარჩევნო დავების განხილვა ოპოზიციას პრაქტიკულად შეეზღუდება. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და საკანონმდებლო წინადადებები პროცედურული ვადების ოპტიმიზაციას ემსახურება.

 

მსგავსი