ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან. ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება. ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს. ოპოზიციის დიდი ნაწილი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებას მხარს არ უჭერს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე პარტიული კონტროლი გაიზრდება. ასევე, მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და ევროინტეგრაციის პროცესს მიზანმიმართულად აფერხებს.

ოპონენტების კრიტიკას მმართველი გუნდი არ იღებს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ვენეციის კომისიის დასკვნა სამართლებრივ არგუმენტებს არ ეფუძნება. მათი თქმით, ძველმა მოდელმა არ იმუშავა, ოპოზიციის მიზანმიმართული ქმედებებით ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში არაერთხელ შევიდა და დაგეგმილი ცვლილებებით მსგავსი შემთხვევების პრევენცია ხდება.