ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

ოპოზიციის ნაწილისთვის სადავოა პარლამენტის მიერ დამტკიცებული საარჩევნო რეფორმა.

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ გადაწყვეტილებამ. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. „ლელოს“ პოზიცია უცნაურად შეაფასეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და პარტიას ცხრამეტი აპრილის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულება შეახსენეს. მწვავე შეფასება აქვს „ქართულ ოცნებასაც“. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. საუბარია საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. იცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, იზღუდება აგიტაცია და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. თვითმმართველობის არჩევნები კი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.